28 სექტემბერი 2024,   08:47
ვრცლად
კარგი იქნებოდა, ანგარიშის წარდგენას დასწრებოდნენ - მტკიცებულებებით გამყარებული ეს დოკუმენტი არის ყველაზე კარგი საშუალება, რომლის გამოყენებაც ოპოზიციას თავისი დღის წესრიგისთვის შეუძლია - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენაზე ოპოზიციის წევრების არყოფნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წევრები სხდომას, სავარაუდოდ, ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ, თუმცა იოსელიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის სხდომაზე ყოფნა კარგი იქნებოდა, მათ შორის, მისთვისაც.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის ანგარიში ხელისუფლების კრიტიკის ანგარიში იყო და თუ ვინმეს ამის მიმართ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა, სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა.

"ანგარიშის მიმართ რთულია კითხვების დასმა, რადგან ჩვენი ანგარიში, პრაქტიკულად, ყველა კითხვას სცემს პასუხს და მიმართულია ხელისუფლების მიმართ. ეს არის ხელისუფლების კრიტიკის ანგარიში, რომელშიც საუბარია დარღვევებზე. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ ოპოზიციამ გამოიყენოს თავისი დღის წესრიგისთვის, ამ პოლიტიკური საქმიანობისთვის. ამაზე უფრო მეტი მტკიცებულებებით და შინაარსით გამყარებული დოკუმენტი, დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია მოიპოვო, გარდა ჩვენი დოკუმენტისა, რომელიც 400-გვერდიანია. იქ, პრაქტიკულად, ყველა უფლება - დარღვევაზე არის დასაბუთებული, როგორ, სად და ვის მიერ მოხდა და ა.შ. როდესაც მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ჩემს გამოსვლებში ძალიან ხშირად ვიყენებდი სახალხო დამცველის ანგარიშებს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ... მე ვიცი, რომ ბოიკოტში არიან და შეიძლება, ეს არის მიზეზი. შეიძლება, სხვა მიზეზი ჰქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, დღეს რომ იქ ყოფილიყვნენ, კარგი იქნებოდა, მათ შორის, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან შეიძლებოდა რაღაც კითხვები ჰქონოდათ. თუ ვინმეს სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მან სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები