01 ივლისი 2024,   23:16
ვრცლად
საპენსიო ფონდი არ აფინანსებს და არ ასრულებს არავითარ პროექტებს, ეს არ არის მისი მანდატი - ის ახორციელებს ინვესტიციას კომერციულად მომგებიან საინვესტიციო ინსტრუმენტებში - ირაკლი ნადარეიშვილი

"გადაწყვეტილებების მიღებაში, ფული ჩაიდება ანაკლიის პორტში, ნებისმიერ სხვა კომპანიასა თუ პორტში, ამასთან არანაირი კავშირი საქართველოს მთავრობას არ აქვს და არ ექნება, ამიტომ ყველა ასეთი განცხადება არის, უბრალოდ, უპასუხისმგებლო და სპეკულაცია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მთავარი მიზანია მაქსიმალური ამონაგების გენერირება სქემის თითოეული მონაწილისთვის.

"საპენსიო ფონდის საქმიანობა დაკავშირებულია გრძელვადიან ინვესტიციებთან. საშუალოდ, ვლაპარაკობთ 35-წლიან საინვესტიციო ჰორიზონტზე, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერი საპენსიო ფონდის საქმიანობაზე. მიზანი არის მაქსიმალური ამონაგების გენერირება თითოეული სქემის მონაწილისთვის. ბუნებრივი პროცესი არის იმ რესურსების დივერსიფიცირება სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც არსებობს, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ. როდესაც ვსაუბრობთ დეპოზიტებზე, ან ნებისმიერ ერთ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, თუნდაც ეს იყო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ან სხვა, არ შეიძლება, რომ მაქსიმალური 100%-იანი კონცენტრირება, ან 100%-მდე მიახლოებული კონცენტრირება იყოს ერთი ტიპის საინვესტიციო კლასში. ლაპარაკია სხვადასხვა ვადიანობის, რისკობრიობის, სხვადასხვა ვალუტის, ფინანსურ ინსტრუმენტში ამ პორტფელის გადანაწილებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტიცია იქნება დაბალანსებული, მეტად დაცული და ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაქსიმალური ამონაგები. ამას შეეხებოდა გასულ წელს განხორციელებული ცვლილებები, რომელსაც სამი კატეგორიის საინვესტიციო პორტფელი გაჩნდა სხვადასხვა რისკობრიობის, სხვადასხვა პროპორციით, სხვადასხვა ინსტრუმენტის და ის ცვლილება, რომელიც დღეს არის წარდგენილი პარლამენტში, არ ითვალისწინებს ახალი ინსტრუმენტის შემოღებას, საუბარი არის ე.წ. კონსერვატიულ პორტფელში დამატებით 15%-ის ოდენობით დამატებითი საინვესტიციო ინსტრუმენტების გაჩენას, რაც ხელ შეუწყობს პორტფელის დივერსიფიკაციასა და მაქსიმალური ამონაგების გენერირებას, ამ ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანებისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დღის ამბები