28 სექტემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ანომალიური სიცხისა და ძლიერი ქარის გამო გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი, არის მსხვერპლი

ათენიდან 30 კილომეტრში, ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ანომალიური ტემპერატურის გამო, საბერძნეთში ხანძრის სამოცამდე კერა გაჩნდა. ცეცხლი დასახლებებზე გავრცელდა, რის გამოც მთავრობამ სტიქიის ზონაში, სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ხანძრის ჩასაქრობად 6 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 45 სატრანსპორტო საშუალებაა მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეებს მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევთ. ტყის მასივების გარდა, ცეცხლი ზეთისხილის პლანტაციებსაც ანადგურებს, რაც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები, შენობები, ავტომობილები და იახტები.

საბერძნეთში შექმნილ ვითარებას სინოპტიკოსებმა "ისტორიული" უწოდეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტყის ხანძრებს ანომალიური ტემპერატურა იწვევს. საბერძნეთში +44 გრადუსი დაფიქსირდა. სიცხეს რამდენიმე ადგილობრივი ემსხვერპლა. საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, სიცხის გამო დაღუპული ტურისტების ცხედრებიც იპოვეს. მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მაღალი ტემპერატურის გამო შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დახურულია ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ათენში საგანგებოდ, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებია გახსნილი.

ცხელი ჰაერის მასები სამხრეთ ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოვიდა. კლიმატის შემსწავლელი ინსტიტუტის "კოპერნიკუსის" მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის მატებას გლობალური დათბობა იწვევს, რაც ყველაზე მეტად ევროპის კონტინენტს აზარალებს.

ევროპის გარდა, ანომალიური სიცხეა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეც, სადაც ზოგიერთ შტატში +40 გრადუსამდე ტემპერატურა ფიქსირდება, რაც 130 მილიონ ადამიანს აზარალებს. მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ხანძარს, ნიუ-მექსიკოში მსხვერპლი მოჰყვა. შტატის სამხრეთ ნაწილში, ტყის ხანძარმა 9 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ტყის მიმდებარე დასახლებებში კი, 1,400 შენობა დაიწვა. სტიქიის ზონიდან 8 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა მთავრობამ, ამერიკის პრეზიდენტს სტიქიის ზონაში კატასტროფის მდგომარეობის გამოცხადება მოსთხოვა.

ევროპისა და ამერიკის კონტინენტების გარდა, მაღალი ტემპერატურა აზიაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც ფიქსირდება, რამაც ინდოეთში ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქ მექაში, ყოველწლიური ჰაჯის შესრულების დროს, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით პილიგრიმმა კი სითბური დარტყმა მიიღო. ადგილზე ტემპერატურა 52 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.

 

ავტორი: ლუკა ჩალიძე

დღის ამბები