28 სექტემბერი 2024,   12:25
ვრცლად
როდესაც ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი - ირაკლი კობახიძე

"როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც რობინ დანიგანმა რამდენიმე დღის წინ მმართველი ძალა ჩინეთთან პარტნიორობის გამო გააკრიტიკა.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი.

"რაც შეეხება ელჩს, მე მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება, კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა არის სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრ პროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

დღის ამბები