27 ივნისი 2024,   22:34
ვრცლად
ცესკო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

დისკრედიტაციის კამპანიაში საარჩევნო ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს ადანაშაულებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია გიორგი მსხილაძის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი კომისიის მიმართ უნდობლობის გაჩენას მიზანმიმართულად ცდილობს. პრეზიდენტს ცესკოდან ჯერ განცხადებით, მოგვიანებით კი მედიასთან შეახსენეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კოლეგიური ორგანოა, სადაც მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, დანარჩენი 8 კი, სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.

ცესკო-ს გამოხმაურების მიზეზი პარლამენტში ზურაბიშვილის მდივნის ბრალდებები გახდა. გიორგი მსხილაძემ, მორიგი ვეტოს წარდგენისას, თქვა, რომ, ცვლილებების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთპარტიული ხდება. სიახლის მიხედვით, ცესკო-ს გადაწყვეტილების მისაღებად, 12-ის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება. ამ ცვლილების საწინააღმდეგო არგუმენტებს ითხოვდა, დღეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც პრეზიდენტის მდივანს არაერთხელ მიუთითა, რომ ვეტო დასაბუთებული არ არის.

იურიდიულმა კომიტეტმა ზურაბიშვილის მორიგი ვეტო, ოპოზიციის გარეშე განიხილა. ვინც სხდომათა დარბაზში ბოიკოტის ნიშნად არ შევიდა, თქვა, რომ ცვლილებები ცესკოში ოპოზიციის გავლენებს ამცირებს.

"ზურაბიშვილი ცესკოსა და არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობს" - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციაზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა, კიდევ ერთი ვეტოთი, თავისი და ოპოზიციის საერთო გეგმა ამხილა.

იურიდიულმა კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არც ამჯერად არ გაიზიარა. მორიგი ვეტოს დაძლევას მმართველი გუნდი მომავალ სასესიო კვირას გეგმავს.

დღის ამბები