27 ივნისი 2024,   21:49
ვრცლად
კანადამ უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო - რა იცვლება ახალი კანონით და ვის მოუწევს ბაზაში დარეგისტრირება 

უცხოური გავლენის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კანადა ზომებს იღებს. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, კანადაც მათ რიგებშია, ვისაც უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონი ექნება. კანადაში მიღებულ კანონს თბილისში აფასებენ. ამბობენ, რომ კანადური მოდელი მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედება და სუვერენიტეტის დაცვა ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

კანადური კანონის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური "გამჭვირვალობის რეესტრი“, სპეციალურ ბაზაში კი პირების რეგისტრაციას რეგულაციები უზრუნველყოფს. კანონის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოტენციური საფრთხეების უკეთ განსაზღვრაა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ან ორგანიზაცია კანონის აღსრულებაზე უარს იტყვის, სასჯელი მსუბუქი არ არის - დამრღვევს მაქსიმუმ 5 მილიონი კანადური დოლარის გადახდა ან 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სასჯელის ზომად ორივე ნორმა იყოს გამოყენებული.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი" კანადამ საფრანგეთის შემდეგ მიიღო. მისი შინაარსი ქართული ოპოზიციისთვის მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანადური მოდელი განსხვავდება იმ რეგულაციებისგან, რომელიც საქართველოში მოქმედებს. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანონის შედარება კანადურ ან ფრანგულ კანონმდებლობასთან არასწორია.

გამჭვირვალობა დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი ვერ იქნება - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგარიშვალდებულების აუცილებლობა მნიშვნელოვანია, როგორც დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ასევე - საზოგადოების ინფორმირებულობისთვის.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანადის მაგალითმაც აჩვენა, რომ უცხოური გავლენის საფრთხის პრევენცია მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი” კანადამ დაჩქარებული წესით მიიღო.

დღის ამბები