28 ივნისი 2024,   09:30
ვრცლად
ახალქალაქში, "ჯარის ბანაკში", ცხინვალის რეგიონიდან 50 დევნილი მოზარდი გაემგზავრა

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები (10-11 კლასი) პირველად ერთვებიან პროექტ "ჯარის ბანაკში", რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებენ.

"23 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, 50 მოსწავლეს ახალქალაქში თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებითი პროგრამა ელით, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას", - აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოზარდები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის თანამშრომლებმა გააცილეს.

"ჯარის ბანაკს" თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი ეწვევა და მოსწავლეებთან საინტერესო შემეცნებით შეხვედრებს მოაწყობს.

2024 წელს "ჯარის ბანაკი" 2 160 მოსწავლეს რვა ნაკადად მიიღებს.

დღის ამბები