28 სექტემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ათიათასობით გულშემატკივარი ჰამბურგში, ათიათასობით ქომაგი თბილისში და მილიონზე მეტი მაყურებელი ეკრანთან - პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე და ქართველი გულშემატკივრების ემოციები

ათიათასობით გულშემატკივარი ჰამბურგში, ათიათასობით ქომაგი თბილისში და მილიონზე მეტი მაყურებელი ეკრანთან - ყველა ისტორიულ წუთს ელოდება. 11 ქართველი მინდორზე გადის და ევროპული თავგადასავალიც იწყება. სუნთქვაშეკრული გულშემატკივარი თბილისიდან 3446 კილომეტრის მოშორებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე გულშემატკივრობს. 45-ე წუთზე საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა მეტოქის კარში 11-მეტრიანი ინიშნება, მთავარი გმირი გიორგი მიქაუტაძეა. სასტვენის ხმიდან პენალტის დარტყმამდე 4 წამია და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქულა მოვიპოვეთ. გიორგი მიქაუტაძემ აუღებელი პენალტი დაარტყა მოწინააღმდეგის კარში და გამარჯვების ყიჟინამ ყველა საზღვარი გაარღვია.

მთელი მატჩის განმავლობაში, ტრიბუნებიდან ქომაგების შეძახილები ისმოდა. ჩეხეთთან თამაშის გმირი გიორგი მამარდაშვილი იყო. 95 წუთის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კარი მეკარემ 11-ჯერ იხსნა.

ეს ჩეხეთის ნაკრებთან ისტორიაში პირველი შეხვედრა იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე - მეორე თამაში. მანამდე კი იყო ურთულესი მატჩი თურქეთის გუნდთან - ზუსტად მაშინ, როცა დორტმუნდში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად გაისმა საქართველოს ჰიმნი.

დაძაბულობა მხოლოდ მინდორზე კი არა, ტრიბუნებზეც იგრძნობოდა. იყო ბევრი ცრემლი, სიხარულის, გამარჯვების, დამარცხების... 

თურქეთთან პირველი შეხვედრა 3:1 დასრულდა, თურქეთმა მოიგო, თუმცა ამ დღეს ყველა საქართველოზე ლაპარაკობდა. როგორც ბესიკ ხარანაულმა თქვა, - "ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც წაგებულითაც კი მოგებულიაო."

წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის - 26 ივნისს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 

 

დღის ამბები