28 სექტემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ერთდროული თავდასხმა სინაგოგაზე, ეკლესიასა და პოლიციაზე - სად მიდის დაღესტანში მომხდარი ტერაქტების კვალი

20 დაღუპული და 46 დაჭრილი - დაღესტნის ქალაქებში - მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარი თავდასხმები რესპუბლიკის ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტულ აქტებად შეაფასა. ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირიც. კრიტიკულია კიდევ 7 დაჭრილის მდგომარეობა.

თავდასხმები დაღესტნის ორ ქალაქსა და ერთ სოფელში ერთდროულად დაიწყო. შეიარაღებულმა პირებმა, დერბენტში, სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, შენობებში ხანძარი გაჩნდა.

პარალელურად, ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა მაჰაჩყალაშიც. ორმხრივი სროლა იყო საგზაო პოლიციის საგუშაგოს მიმართულებითაც.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული თავდასხმის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანისა და ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის მუხლებით აღძრა. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი: ორი დერბენტში და სამი მაჰაჩყალაში. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.

დაკავებულია 1 პირი - სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია "ედინაია როსიას" ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი მაგომედ ომაროვი. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მისი სახლიც. რუსული მედიის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა და მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში.

დაღესტნის ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები უკვე სრულად აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ტერაქტში მონაწილე ყველა პირის ვინაობა არ გაირკვევა. მანამდე, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.

დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. რუსეთმა ტერორისტული აქტები დაგმო. კრემლმა თითი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა. თუმცა, მარტში მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის მსგავსად, საქმეში ამჯერადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ჩაერთო, რომელმაც "კავკასიელი ძმები" მომხდარის გამო შეაქო. ომის კვლევის ინსტიტუტმაც დაღესტანში მომხდარი ტერაქტის უკან ხორასნის ვილაეთის ქვედანაყოფი დაინახა.

დღის ამბები