20 ივლისი 2024,   04:38
ვრცლად
თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის - რა მაჩვენებლები გააუმჯობესა საქართველომ ატლანტიკური საბჭოს შეფასების მიხედვით

თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში, ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა. 2012 წლის შემდეგ, "თავისუფლების" შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა, "კეთილდღეობის" შეფასების გაუმჯობესებით კი - მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 50-ე ადგილზე გავიდა და "ზომიერად თავისუფალი" სტატუსი მიიღო. თავისუფლების დონით, საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანასა და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს უსწრებს.

შეფასების 100%-იანი სისტემით, ქვეყანამ თითქმის 74% მიიღო და, 2012 წლის შემდეგ, შეფასება 6,68 პუნქტით გააუმჯობესა. ამ გრძელვადიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება თავისუფლების სარეიტინგო პოზიციას - 2012 წლის შემდეგ, რეიტინგში 21 ადგილით დავწინაურდით და იმ 12 ქვეყანას შორის აღმოვჩნდით, რომელმაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ადგილით შეძლო რეიტინგის გაუმჯობესება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.

უფრო დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში, სადაც ქვეყანამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 75 % აიღო და მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს კეთილდღეობის შეფასება 6,36 პუნქტით გაუმჯობესდა. შეფასების ამ გრძელვადიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ რეიტინგში ქვეყანა 17 ადგილით არის დაწინაურებული და მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდის შეფასებით, დამოუკიდებელი არბიტრები და ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, მაღალ შეფასებას აძლევენ.

კეთილდღეობისა და სამართლიანობის ინდექსი ისეთ კრიტერიუმებს ეფუძნება, როგორიცაა სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, შემოსავლების დონე, უმცირესობების ინტერესების დაცვა, განათლება. ატლანტიკურმა საბჭომ 2024 წლის ინდექსი მეთოდოლოგიურად გადაამუშავა, რაც 1995-2023 წლების გრძელვადიანი პერიოდის განახლებულ ანალიზს აერთიანებს.

დღის ამბები