20 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთში, საბერძნეთი - ევროპაში ანომალიურ სიცხესა და ხანძრებს ებრძვიან

უკვე მეორე კვირაა, ევროპაში მასშტაბურ სიცხესა და ხანძრებს ებრძვიან. ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი პორტუგალიაში - ასე უწოდეს ქვეყანაში სტიქიას გარემოსდამცველებმა. ხანძარმა უკვე 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მშრალი ჰაერისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის რისკი უფრო და უფრო იზრდება. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს აჭარბებს.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ესპანეთში ფიქსირდება, სიცხე 42 გრადუსს აჭარბებს. საგანგაშო ვითარებაა კორდობასა და სევილიაში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა უფრო გაიზრდება. ესპანეთში ხანძარს სამაშველო ჯგუფებით და ავიაციით ებრძვიან. ახალი კერების წარმოქმნას სიცხეც ხელს უწყობს.

ძლიერი სიცხე და ხანძარია საფრანგეთშიც. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბორდოსთან ცეცხლის ქრობის პროცესში 800-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა. სტიქიის ზონიდან საჭირო გახდა 6500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. არიან დაშავებულები, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის. ხანძარმა 1,800 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა.

ძლიერ სიცხეს ებრძვის საბერძნეთიც. მასშტაბურმა ხანძარმა, ათენის სამხრეთით, ფიჭვის ტყის 3000 ჰექტარი გაანადგურა. გვალვის, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხელისუფლება უფრო ცხელი თვეებისთვის ემზადება. ცეცხლის კერამ პელოპონესის ნახევარკუნძულზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობას 55 წლის მეხანძრე ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ ხანძრები ადგილობრივების დაუდევრობამ გამოიწვია. საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყეში ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს.

1 300-ზე მეტი დაღუპული და ათობით დაშავებული - ასეთია ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საუდის არაბეთში, რომლებიც ჰაჯის შესასრულებლად მექაში ჩავიდნენ. ჰაჯის დროს ტემპერატურა წელს 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. წელს ჰაჯიში მონაწილეობა დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს და მოსახლეობას დღის საათებში სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

 

ავტორი: მარიამ იობიძე

დღის ამბები