16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი გვაქვს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს. პრემიერის შეფასებით, ნაკრებმა ქართველ გულშემატკივრებს სასწაული აჩუქა.

"არც კი ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. წარმოუდგენელი ემოციებია. სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე. გარდა ბრძოლისა, ქართველებს ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივეზე რომ ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლაც საოცრება და კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს.

პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას. ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია და ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც, დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ. დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები