05 ივლისი 2024,   16:46
ვრცლად
ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაგვიზიარა - გურამ კაშია

თავისუფლების მოედანზე საზეიმო დახვედრის შემდეგ, გვიან ღამით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა რესტორან "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც, მათი პატივისცემის ნიშნად, საზეიმო ვახშამი მოეწყო. ბიჭებმა, რომლებმაც შეძლეს და საზოგადოება ფეხბურთის გარშემო გააერთიანეს, გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და სიყვარულის გამოხატვისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

გურამ კაშია: "ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაგვიზიარა. ძალიან ვგრძნობდით ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხარდაჭერას და დიდი მადლობა მათ. ძალიან დიდი წვლილია მაგათი იმაში, რომ წარმატებას მივაღწიეთ".

გიორგი ქოჩორაშვილი: "მხარდაჭერას გერმანიაშიც ძალიან ვგრძნობდით, როგორც კი ჩამოვედით, აეროპორტშიც ვიგრძენით და, ასევე, როდესაც ავტობუსით მოვდიოდით. ისეთი ენერგიაა, რომელიც არასდროს არ მიგრძნია. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ამ ემოციისთვის".

კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს დახვედრა ფეხბურთელებისთვის მომდევნო შეჯიბრებებში წარმატების მისაღწევად დამატებითი სტიმული იქნება.

"ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იყო, აგვიხდა დიდი ხნის ოცნება და კიდევ უფრო სასიხარულოა ის გარემოება, თუ რამდენი სიხარული მივანიჭეთ ქართველ გულშემატკივარს, მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია და მართლაც დამატებით მოტივაციასა და სტიმულს აძლევს ჩვენს ნაკრებს, რომ მეტი წარმატება აჩუქონ ქართველ გულშემატკივარს... დღევანდელი დღეც, ალბათ, დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენს ფეხბურთელებს და იქნებიან მოტივირებულები, რომ მომდევნო შეჯიბრებებში კარგი შედეგი აჩვენონ და ისევ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი," - აცხადებს დავით მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. მათ პატივსაცემად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გაიმართა, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

დღის ამბები