07 ივლისი 2024,   11:59
ვრცლად
ცესკო-ს საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების საწყობის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საწყობის მშენებლობა, სადაც საარჩევნო აპარატურა და სხვა ინვენტარი უნდა განთავსდეს, აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის პროცესი ცესკოს თავმჯდომარემ დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობის მშენებლობა 5 თვის წინ დაიწყო.

კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, შიდა სივრცე ეწყობა. საწყობი ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართება, მათ შორის, გათვალისწინებულია სატვირთო ლიფტების დამონტაჟება, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელისა და სამრეწველო მაგიდების, დაცვის სისტემების მოწყობა.

შენობაში, ასევე გამოყოფილი იქნება საოფისე, სასაწყობო, სამუშაო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვასა და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს.

ორსართულიანი საწყობის საერთო ფართი 5 434 კვ.მ-ია და მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევარში იგეგმება.

დღის ამბები