05 ოქტომბერი 2024,   14:52
ვრცლად
აშშ სამხედრო წვრთნებს "ღირსეული პარტნიორი" გაურკვეველი ვადით აჩერებს - როგორ პასუხობს თბილისი პენტაგონის გადაწყვეტილებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეულ პარტნიორთან" დაკავშირებით გაურკვეველი ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თავდაცვის მინისტრი გაუგებარს უწოდებს.

საერთაშორისო სწავლება უკვე დაგეგმილი იყო, ის საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განუსაზღვრელი ვადით გადადო. საქართველოს თავდაცვის უწყებაში, მიუხედავად ამ ფაქტისა, ამბობენ, რომ პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება და მეტიც, უკვე მიმდინარეობს მზადება 2025 წელს დაგეგმილი საერთაშორისო, მრავალეროვნული სწავლება "მტკიცე სულისთვის".

გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის საქართველოში შეერთებული შტატების ელჩისთვის, რომელმაც პენტაგონის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. რობინ დანიგანი ამბობს, რომ "ღირსეული პარტნიორის" გადადება საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვის ფარგლებში მოხდა და ეს იმ რიტორიკასა და განცხადებებს უკავშირდება, რასაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები შეერთებული შტატების მისამართით აკეთებდნენ.

პენტაგონის გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის საზიანო უწოდა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი მრავალეროვნული სწავლების გადადებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

სახელისუფლებო გუნდისთვის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის პრიორიტეტი ეროვნული ინტერესები არ არის. "ქართულმა ოცნებამ" დღეს პენტაგონის პოზიციას დასანანი უწოდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს რუსეთისთვის სასარგებლო გზავნილიც კი აღმოჩნდეს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შტატების გადაწყვეტილება იმ ქმედებებმა გამოიწვია, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდია ახორციელებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შეზღუდვები საქართველოსთან მიმართებით გაგრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საქართველოს შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები სურს და საჭიროა ამ ურთიერთობების გადატვირთვა. ამბობენ იმასაც, რომ ასეთი საკითხები დიპლომატიური ენით უნდა გადაწყდეს.

თავდაცვის მიმართულებით შეერთებულ შტატებთან საქართველომ ურთიერთობის გაღრმავება 2001 წელს დაიწყო, მას მერე, რაც ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეურთდა. საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" კი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა და მან პენტაგონიდან არაერთი მაღალი შეფასება მიიღო.

დღის ამბები