25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, სავარაუდოდ, ხვალ დაასრულებს

სავარაუდოდ, ხვალ საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას დაასრულებს. ხვალ საბჭოს წევრების წინაშე სალომე ჯანუაშვილი და პაატა შავაძე წარდგებიან.

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იურისტ ანდრონიკ სარიბეკოვის მოსმენა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა საბჭოს თავად წარუდგინა. კანდიდატმა ისაუბრა საკუთარ ხედვაზე და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

პროკურორმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, თუ რამდენადაა შესაძლებელი პროკურორისა და გამომძიებლის ფუნქციების გამიჯვნა.

კითხვის პასუხად, ანდრონიკ სარიბეკოვმა განაცხადა, რომ გამოძიებას თავისი, პროკურატურას კი თავისი სპეციფიკა აქვს.

"არ შეიძლება, გამოძიებას ჰქონდეს პროკურორის ხედვა, ამავე დროს იძიებდეს საქმეს და იყოს ჩართული ოპერატიულ სამძებრო მუშაობაში. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი მიმართულება ", - განაცხადა ანდრონიკ სარიბეკოვმა.

პროკურორმა ეკატერინე ხარებავამ კი კანდიდატს ჰკითხა, რომელ დანაშაულებთან მიმართებით იქნებოდა ის ლიბერალური.

კანდიდატის თქმით, ის, შედარებით, ლიბერალური იქნებოდა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ.

"ლიბერალური ვიქნები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართებაში. უნდა მოხდეს მოხმარების ლიბერალიზაცია. თუ იქნება ოფიციალური დაწესებულება, მაღაზია, რომელიც მოახდენს რეალიზაციას, ამის წინააღმდეგი არ ვარ. მომავალში, ამ დასკვნამდე მაინც მივალთ, რომ უნდა გაიყიდოს მაღაზიაში და არ უნდა იყო საჭირო მთელი პროცესების ჩატარება იმისთვის, რომ შეიძინო ნარკოტიკული საშუალება", - განაცხადა ანდრონიკ სარიბეკოვმა.

დღის ამბები