29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
გადაადგილება "ნაციონალურ მოძრაობაში" - გაერთიანება, რომელსაც "ერთობა" უნდა უზრუნველეყო, სავარაუდოდ, მორიგი უთანხმოების მიზეზი ხდება

სოფო ჯაფარიძე, ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრობასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობაში" კიდევ ერთ, საკვანძო თანამდებობას გადაიბარებს. თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამერიდან, სწორედ ჯაფარიძე იქნება. მანამდე, მას გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა, თავმჯდომარეობდა. რა გახდა გოგავას მხრიდან პოსტის დატოვების მიზეზი, არ კონკრეტდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არც იმას ადასტურებენ, რომ, თანადებობასთან ერთად, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა პარტიის წევრობაზეც უარი თქვა.

სოფო ჯაფარიძისთვის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შეთავაზება სიურპრიზი აღმოჩნდა თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის. მაშინ, როცა ჯაფარიძე "კურიერთან" ადასტურებდა, რომ გოგავას სწორედ ის შეცვლის, თინა ბოკუჩავა, პარალელურად, მედიას არწმუნებდა, რომ გოგავას თანამდებობიდან წასვლა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

რა გახდა თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან წასვლის მიზეზი და რა საკითხზეა დაპირისპირება პარტიაში? კითხვების ადრესატი ზაზა გოგავაა, თუმცა მან ამ თემებზე საუბარს დღეს თავი აარიდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგავასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩატი დატოვა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ და ამ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმა ჩიქოვანმაც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია ამ პოლიტიკური ძალისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ ახალი პლატფორმის შექმნას დაემთხვა. გაერთიანება, რომელსაც "ერთობა" უნდა უზრუნველეყო, სავარაუდოდ, მორიგი უთანხმოების მიზეზი ხდება.

ბრძოლა გავლენებისთვის - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სწორედ პირადმა ინტერესებმა და ძალაუფლების სურვილმა გამოიწვია.

ბოლო საკადრო გადაადგილება "ნაციონალურ მოძრაობაში"თავმჯდომარის თანამდებობას შეეხო - ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ ჩაანაცვლა, ყოფილი თავმჯდომარე კი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი ხელმძღვანელი გახდა. 

დღის ამბები