16 სექტემბერი 2024,   22:54
ვრცლად
საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა - ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს

საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა და 86,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ეროვნული შემოსავლების განახლებული მონაცემები მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საქართველო იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც, გასულ წელს, მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით მოახერხა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველო რამდენიმე ქვეყანას უსწრებს. მათ შორისაა ლატვიაც, რომლის მაჩვენებელი, 2022 წელს, საქართველოს მსგავსად, 77 მილიარდი დოლარი იყო და 2023 წელს მხოლოდ 78 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 11%-ით ჩამოუვარდება საქართველოს გასული წლის მაჩვენებელს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს წინსვლა სტატისტიკაში მოსახლეობაზე არ აისახება.

მსოფლიო ბანკის მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო თანმიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს - ასე აფასებენ ახალ კვლევას მმართველი გუნდის წევრები. ეკონომიკის ინსტიტუციური განვითარება, მმართველი პარტიის შეფასებით, ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ექსპერტები მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდის ფაქტორებს, ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირებენ. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს წლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე გადაანგარიშებით, საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიასა და ესტონეთს უსწრებს.

დღის ამბები