29 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
3 პარტია მინუს "ლელო" - "ახალი," "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ერთიან საარჩევნო კამპანიას იწყებენ - რაზე ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციონერები "ლელოსთან"

"დროა, გირჩიოთ ახალი" - ეს "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეების ახალი განაცხადია ერთიანობაზე, სადაც "ლელო", საბოლოოდ, ვერ მოხვდა. ხანგრძლივი კონსულტაციები წარუმატებლად დასრულდა. არჩევნებში 4 ნომრით, 4-ის ნაცვლად, 3 პარტია ჩაერთვება. რატომ გამოეთიშა პროცესს "ლელო" - ნიკა გვარამიამ კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ლელო" და "ახალი" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. სახელდება ნიკა გილაურის კანდიდატურა.

რატომ გააკეთეს "ლელოსა" და "ახალს" შორის არჩევანი გვარამია-მელიას პარტიაზე? - ამის შესახებ ხოშტარია-ჯაფარიძემ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს, თუმცა კონკრეტული მათაც არაფერი უთქვამთ.

სალომე სამადაშვილი - "ლელოს" პოლიტიკური მდივანი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მათთვის ბარიერი "ახალის", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერების პოლიტიკური წარსულია "ნაციონალური მოძრაობიდან", თუმცა ამ ფაქტორს პარტიებს შორის აქტიური კონსულტაციების დროს აქამდე ხელი არ შეუშლია. სამადაშვილი დღეს ამბობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებთან შეთანხმება ვერ შედგა, რადგან "ლელოს" ამომრჩევლისთვის სიახლის შეთავაზების ამბიცია აქვს.

"ლელოსთან" ერთად, "ახალის" 4-ნომრიანი კონფიგურაციის მიღმა რჩება "ევროპული საქართველოც," რომელიც ასევე განიხილებოდა ამ ერთობაში. გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამტკიცებდა, რომ, "ახალთან" და "ლელოსთან" გაერთიანების შემთხვევაში, მათი რეიტინგი უკეთეს ნიშნულს მიაღწევდა, ვიდრე - ინდივიდუალური შედეგები. ბოკერიამ ყოფილი თანაპარტიელების დუმილს უპასუხისმგებლოც უწოდა.

"ევროპული საქართველოს" გარდა, კვლევა სხვა პარტიებს არ გაუსაჯაროებიათ. როგორც ჩანს, ოპოზიცია საკუთარი სურვილით დაკვეთილი კვლევის შედეგების გათვალისწინებას არ აპირებს. ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, "ახალშიც" და "ნაცმოძრაობის" პარტნიორებშიც, დღეს უპასუხეს.

რამდენიმე პლატფორმის შექმნაში პრობლემას ხედავდა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ოპოზიციის დაკვეთითვე ჩატარებულ კვლევებსაც არ ენდობა. პარტიების უარის შემდეგ, სააკაშვილის პარტიამ, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, ისევ ცალკეული პოლიტიკოსები გაიერთიანა.

ამ დრომდე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს გახარიას პარტია და "გირჩი," რომლებიც კოლეგების, მათ შორის ერთმანეთის არათანმიმდევრულობასა და უშედეგო დისტანცირების მცდელობებზე საუბრობენ.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით "ნაციონალური მოძრაობის" ჯამი არ შეიცვლება, ისევე, როგორც წარუმატებლობა მორიგ არჩევნებზე. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების გაერთიანება თუ შეუთანხმებლობა ფინანსურ და სუბიექტურ მიზნებზე გადის.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა, დათქმული 8 ივლისი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაკვეთილი კვლევა - ოპოზიციის ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ვერც ერთიანი სია შედგა და ვერც - დაანონსებული ალტერნატიული ცენტრები, თუმცა პარტიები ირწმუნებიან, რომ ერთმანეთისთვის პოტენციურ პარტნიორებად რჩებიან.

 

დღის ამბები