24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
დავით კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზია

დავით კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზია. ნიკა მელია აცხადებს, რომ დაინტერესებულმა პირებმა დაიწყეს სპეკულაციები "დროას", "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "ახალის" ერთობის დასაკნინებლად.

"დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა. ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის - გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს", - წერს ნიკა მელია.

მელიას აკრიტიკებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც მის სტატუსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ევროპული საქართველოს" კამპანიის ძირითადი ხაზი, სწორედ ოლიგარქიული გავლენის მხილება იქნება.

"მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რის კეზერაო - ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო. ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან "თავისუფალი" მელია, რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ჰყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია. ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დავით კეზერაშვილთან დაახლოებულ პირებთან პოლიტიკური ალიანსისთვის, ნიკა მელიას უპრინციპო უწოდეს მმართველ გუნდშიც, სადაც მელიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან გადაყენების პროცესებიც გაიხსენეს.

დღის ამბები