24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკამ საქართველო მიიყვანა იმ საშიშროებამდე, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებისგან ვიყოთ იზოლირებული - ზურაბ ჭიაბერაშვილი

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებულია, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს სტრატეგიული პარტნიორებისგან ქვეყნის იზოლაციის საშიშროება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არჩევნების წინ მსგავსი განცხადებები მკაფიო წყალგამყოფია. 

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ საქართველო მიიყვანა იმ საშიშროებამდე, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებისგან ვიყოთ იზოლირებული. ამას მოწმობს გერმანიის ელჩის განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას მოწმობს ასევე გზავნილები შეერთებული შტატებიდან. ეს, რა თქმა უნდა, მკაფიო წყალგამყოფია მომავალი არჩევნების წინ," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

იზოლაციის საშიშროებაზე საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძეც. 

"ამ ხელისუფლებას უკვე აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომ ვერაფრით იგი ვერ შემოატრიალებს ურთიერთობას დასავლეთთან. ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის პირობებში, ქვეყანა განწირულია, მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისაკენ," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მარტო არ არიან. 

"საქართველოს მოქალაქეები არ არიან მარტო და მათ საკუთარი ქვეყნის, უფლებების, სამშობლოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში იქნება რეაგირება საქართველოს მეგობრების და პარტნიორების მხრიდან," -აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

 

დღის ამბები