24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა - ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, ჟენევაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში რექტორი CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ლიდერს, ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ ლუკა მალგერის, CMS ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერ ტიციანო კამპორეზის და RPC ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ სალვატორე ბუენტემპოს შეხვდა.

"აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ლუკა მალგერთან და ტიციანო კამპორეზთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა.

CERN-ის CMS ექსპერიმენტის წამყვან ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, დავით გურგენიძემ შეაფასა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერთა როლი CMS კოლაბორაციაში, ასევე, იმსჯელა მიმდინარე კვლევების აქტუალურობასა და როლზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის რექტორი CMS ექსპერიმენტში CMS-ის მიონური სისტემის RPC ჯგუფში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებს შეხვდა. RPC ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სალვატორე ბუენტემპომ რექტორს მიაწოდა ინფორმაცია RPC კამერების წარმატებით განხორციელებაში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის როლზე. "აკადემიკოს დავით გურგენიძის CMS კოლაბორაციის წევრებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიის, სადაც სამომავლოდ განხორციელდება CMS კოლაბორაციის კონკრეტული ამოცანები, განახლებაში შეიტანს წვლილს და უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

დღის ამბები