24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ახალი მოძრაობა - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო"- რა იქნება ორგანიზაციის ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკურ პარტიად ქცევის ამბიცია აქვს

კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც "სიმართლის" თქმით, აპირებს პოზიციონირებას და რომელსაც პოლიტიკურ პარტიად ქცევის ამბიცია აქვს - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" - მოძრაობის სახელწოდებაშივეა გამოტანილი ის, რითაც ვატო შაქარაშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი აპირებენ ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი მიმართულების შეცვლას. ნეიტრალიტეტი ეს არის მთავარი მესიჯი, თუმცა ახალმა მოძრაობამ, ევროკავშირის მიმართულებითაც გააკეთა მკვეთრი განცხადებები.

ვატო შაქარაშვილს და მის პარტნიორებს ევროკავშირის მომავლის არ სჯერათ და თვლიან, რომ იმ გაერთიანებაში გაწევრიანება, რომელიც შესაძლოა მალე დაიშალოს, საქართველოსთვის რაციონალურ დასაბუთებას მოკლებულია.

ახალი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ევროპის ეკონომიკურ, ღირებულებით და დემოკრატიულ კრიზისზე საუბრობს და აცხადებს, რომ არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება, არ უნდა იყოს ეროვნული იდენტობის და სუვერენიტეტის დაკარგვის საპირწონე.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლები, საზოგადოებას მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას ჰპირდებიან. ამბობენ, რომ ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მუშაობა და ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება.

ქვეყნის უსაფრთხოება, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ამ საკითხებს ასახელებს ახალი მოძრაობის პრიორიტეტად ვატო შაქარიშვილი. ორგანიზაციის დამფუძნებელი თვლის, რომ საზოგადოება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად იქცა და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული.

საზოგადოებრივ მოძრაობას ამბიციური და გრძელვადიანი გეგმები აქვს. წინასწარ ცნობილია, რომ დაახლოებით 1 წელში "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც მიიღებს.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პრეზენტაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. დამფუძნებლებმა მუშაობა დღეიდან უკვე დაიწყეს.

დღის ამბები