24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
უკრაინა, რუსეთის სამხედრო ობიექტების განადგურების უფლებას ითხოვს - ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მტკიცე და დროული ნაბიჯები გადადგან

უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტების განადგურების უფლებას ითხოვს - ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს მსოფლიო ლიდერები ამ გადაწყვეტილების მართებულებაში ნატოს სამიტზე დაარწმუნოს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს სტრატეგია შეცვალონ და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მტკიცე და დროული ნაბიჯები გადადგან.

ნებართვის მიღებამდე, ზელენსკი ნატოს სამიტიდან იმაზე მეტი სამხედრო დახმარებით დაბრუნდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ ეტაპზე კიევს უფლება არ მისცა მაგრამ თქვა, რომ აშშ და ნატო-ს სხვა მოკავშირეები უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემენ. მათ შორის პატრიოტის სარაკეტო ბატარეებს და პატრიოტის კომპონენტებს. გეგმის მიხედვით, კიევში - გერმანიიდან, რუმინეთიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან უახლოეს თვეებში კიევში ნატოს ათობით სტრატეგიული მახასიათებლების საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩავა.

მოუხსნის თუ არა კიევს ვაშინგტონი ამერიკული იარაღით რუსულ ავიაბაზებზე დარტყმის უფლებაზე შეზღუდვას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მკაფიო იყო დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოზიცია. კირ სტარმერი ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.

სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი - ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადება დიმიტრი პესკოვმა. მოსკოვში ამბობენ, რომ ნატოს სამიტზე განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. პუტინის პრეს მდივნის თქმით, კრემლი დასავლეთის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებს.

რა ზომებს მიიღებს მოსკოვი უცნობია, თუმცა დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მოსალოდნელი დივერსიების გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. როგორც CNN ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს, აშშ-ის დაზვერვამ ბოლო ორ კვირაში მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ამერიკულ ბაზებსა და სამხედრო პერსონალს ნდობით აღჭურვილი პირების საშუალებით თავდასხმებისთვის შესაძლო სამიზნედ განიხილავს.

პრესა წერს, რომ უკრაინისადმი კოლოსალური რაოდენობის იარაღის გადაცემაში, დასავლეთი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მოსკოვის ბარბაროსულმა სარაკეტო დარტყმამ დაარწმუნა. თავად მოსკოვი, კლინიკაზე იერიშს უარყოფს და აცხადებს, რომ რაკეტა უკრაინული იყო. უკრაინულმა მედიამ კი დღეს კასპიის ზღვაზე მეთევზეების გადაღებული კადრები გაავრცელა, რაც მათი თქმით, ვიდეო მტკიცებულებაა, რომ თავდასხმის ავტორი მოსკოვი იყო. მასალა ზუსტად იმ დროსაა გადაღებული, როცა ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში მოხდა.

დღის ამბები