24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგი - რა ჩაიწერება NATO-ს საბოლოო კომუნიკეში

ვაშინგტონი, მეორე დღეა მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძლიერ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების მასპინძელია. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი საზოგადოების ვაშინგტონში შეკრებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშვნასთან ერთად, მოკავშირეები მომავლის ხედვაზე ჩამოყალიბდებიან, რომლის საჯარო ნაწილსაც საბოლოო დოკუმენტში ვიხილავთ. ტექსტის ბოლო შტრიხები შემუშავებამდე, იენს სტოლტენბერგი ძირითად მონახაზზე საუბრობს.

ვაშინგტონში ჩასული ყველა ლიდერის მთავარი ინტერესი მშვიდობაა, რომელსაც რუსულმა აგრესიამ საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამიტომაა, რომ საბოლოო დეკლარაციაში რუსეთი დაუყოვნებლივ საფრთხედაა მიჩნეული. ეს კონტექსტი კი დამატებითი სიგნალია ევროპისთვის, რომ უკრაინის დახმარება განაგრძოს. მას შემდეგ, რაც გერმანიის, ნიდერლანდების, რუმინეთის, იტალიისა და აშშ-ის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავა, NATO და კიევი მიზანს მიუახლოვდებიან.

წლევანდელი სამიტი მოკავშირეებისთვის იმის კარგი შესაძლებლობა გახდა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე გაწეული გამორჩეული შრომისთვის იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადონ. გუშინდელ შეკრებაზე ჯო ბაიდენმა ის უკვე დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით. ღონისძიებას მოკავშირეებთან ერთად ესწრებოდნენ პარტნიორებიც, მათ შორის, საქართველოც. სამიტზე მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ღონისძიებას სოცქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის მიღებაზე ყოფნა დიდი პატივი იყო და მოხარულია, რომ ალიანსის ძლიერი პარტნიორების რიცხვში საქართველოს დროშაც ფრიალებს.

NATO-ს ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას შესაძლებლობა აქვს ორმხრივ რეჟიმშიც განიხილოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობა. ასეთი იყო დღევანდელი შეხვედრა დანიელ კოლეგასთან. თავად NATO-ელებთან შეხვედრას რაც შეეხება, ხავიერ კოლომინამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართველ დიპლომატთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, არსებითი პაკეტი და რეგიონული განვითარება განიხილა. "NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - ამბობს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში.

 

დღის ამბები