24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ქართული სიმღერა, ცეკვა, ხელოვნება და ჭიდაობა, 103 წლის მერე ქართულ მიწაზე დაბრუნდა - ლევილის მამულში კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს

ლევილის მამული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ინახავს. ყველაფერი 1921 წელს დაიწყო, როდესაც თებერვალ-მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მთავრობის მაშინდელი წევრები, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ და მალევე ლევილის მამული შეიძინეს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში, სწორედ ამ ადგილიდან გაგრძელდა.

წარსულთან დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, საქართველოს 2016 წელს გადმოეცა და რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად ქართული კულტურის ფესტივალის მასპინძელია.

ლევილის ქართულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს - მათი ნამუშევრები, რომელიც თავისუფლების თემატიკას ეძღვნება თავისუფლებისთვის მებრძოლთა მიწაზე სამუდამოდ განთავსდება.

მორალურ ანდერძად წოდებულ ლევილის მამულში მეშვიდე კვირაა ქართული მუსიკისა და საგალობლების ხმა ისმის. ფოლკლორის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული სიმღერები შეასრულა და საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებს სამშობლო გაახსენა.

ტრადიციული ჭიდაობის ილეთებმა, ფრანგებიც და ქართველებიც ერთნაირად გააოცა, წელს ქართველი სპორტსმენების მიმართ ინტერესი დიდია, სწორედ ამიტომ ფესტივალს წელს პირველად სპორტული სანახაობებიც დაემატა.

საფრანგეთის მზის ქვეშ, მზიურის პირველმა თაობამ ემიგრანტების გულები გაათბო და განსაკუთრებული აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ქართული კულტურას, მსოფლიოს ქართველი ხელოვანები 14 ივლისამდე გააცნობენ. ფესტივალი ევროპის შუაგულში კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით იმართება.

დღის ამბები