24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ სივრცეში, ამაზე ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ვიქტორ დოლიძე

ნატო-ს პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკურ დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები, აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ბუნებრივია, დეკლარაციაში საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა.

"ვფიქრობ, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებითაც, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში, ასევე პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. თუ ვინმეს და რომელიმე პარტნიორს და არამ მხოლოდ პარტნიორს, არამედ თვითონ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, აღიარებულია ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე ომის დანაშაულების და სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი, პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა“, – განაცხადა დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს პოლიტიკური დეკლარაცია ასევე მნიშვნელოვანია, რადგან დაკავშირებულია ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან.

"დეკლარაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ნატო მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან, უნდა იყოს უფრო მედეგი, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას, რათა იგი არ დამარცხდეს რუსეთთან ომში. ამასთან, მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. მადრიდისა და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური კომუნიკე, სადაც კონკრეტულად და დეტალურად ნებისმიერ რეგიონზე, ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა თემატიკასთან დაკავშირებული თემები. ეს იყო მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც კი არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60-70-80 და უფრო მეტიც გვქონია. აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო ნახსენები მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ისე ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს თავის ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები