08 სექტემბერი 2024,   03:39
ვრცლად
მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.

მიღწევა საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით, საქართველომ გადაუსწრო ზოგად მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ- საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს.

ირკვევა, რომ ბოლოს, მსოფლიო დონეს საქართველო საბჭოთა კავშირის დროს 1990 წელს უსწრებდა, როცა ქვეყნის ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 5840 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდა, მსოფლიო მაჩვენებლით კი 5%-ით ნაკლები, 5541 დოლარი იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და ერთ სულზე მუდმივად ჩამორჩებოდა, როგორც მსოფლიო დონეს, ისე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს. შედარებისთვის, 2012 წელს, საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 9960 დოლარი იყო, მსოფლიო მაჩვენებელი მას 41%-ით აღემატებოდა.

2013 წელს, მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს, 2023 წელი კი საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა - საქართველომ 185 დოლარით გადაუსწრო მსოფლიო დონეს, 225 დოლარით გადააჭარბა მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს და ახალი ისტორიული მაქსიმუმი, ერთ სულზე 23 040 დოლარი დააფიქსირა.

ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც.

დღის ამბები