გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო.
ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 20,7 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპასა და აზიაში კონტინენტზე საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად.
2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.
"დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.