26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"განხილვის ყველა ეტაპზე ვეცდებით, არგუმენტები გავაჟღეროთ, რომ ამნისტია გაფართოვდეს და მეტ პატიმარს შეეხოს" - "გირჩი" ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სესიაზე განიხილავს, "გირჩი" მხარს დაუჭერს.

პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ეს არ არის ის კანონპროექტი, რომელიც მათ სურდათ, რადგან მასში "ბევრი შეცდომა და ხარვეზია", თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი კანონპროექტს მხარს მაინც დაუჭერენ.

"ცალსახა იყო, რომ ამნისტია გასაკეთებელია. ეს არ არის ის ამნისტია, რომელიც ჩვენ გვიდა, არ არის საყოველთაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იმგვარი, როგორიც გვინდოდა, მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ ბევრ პატიმარს ეხება. ასევე, ბევრი შეცდომა და ხარვეზი აქვს კანონპროექტს. განხილვის ყველა ეტაპზე ვეცდებით, არგუმენტები გავაჟღეროთ, რომ გაფართოვდეს ამნისტია და უფრო მეტ პატიმარს შეეხოს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, კანონპროექტის განხილვა პოლიტიკური აქტია.

"არ ვარ ბოიკოტში და ვესწრები პლენარულ სხდომას, თუმცა კომიტეტის სხდომა იქნება საინტერესო -  რას აპირებს "ქართული ოცნება". ამ ეტაპზე, ეს არის პოლიტიკური აქტი. დაველოდები ყველა იმ პოზიციას, რომელიც არსებობს, ისევე, როგორც "ქართული ოცნების" პოზიციას. საშემოდგომო სესიაზე იქნება მესამე მოსმენა. მეორე მოსმენის ფორმატში ვაპირებ მასში აქტიურად ჩართვას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები