25 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, საქმიანობაზე, მათ შორის - წარსულ საქმიანობაზე და თუ მაქვს კავშირი უცხოურ სპეცსამსახურებთან - ნადიმ ხმალაძე გამოკითხვის შესახებ

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება.

საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი.

ნადიმ ხმალაძე ადასტურებს, რომ კითხვები ჰქონდათ ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, თუმცა, გრიფი "საიდუმლოს" გამო, დეტალებზე ვერ საუბრობს.

"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, საქმიანობაზე, მათ შორის - წარსულ საქმიანობაზე. ასევე, თუ მაქვს კავშირი უცხოურ სპეცსამსახურებთან და ოდესმე თუ მქონია ასეთი კავშირი. ტერორიზმთან, პირდაპირი გაგებით, არა, მაგრამ რაღაც კითხვები დაისვა", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.

უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილი თქმით, გამოკითხვაზე დაისვა კითხვები იმის შესახებ, იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტები.

"საუბარი იყო იმაზე, ტერორისტული აქტი თუ იგეგმებოდა. იარაღზე შეეკითხნენ, თუ გაქვსო და მას გააჩნია ოფიციალური იარაღი, რომელიც ინახება მის სახლში. კითხვები,რა თქმა უნდა, იყო ტერორიზმთან დაკავშირებით, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც, პირდაპირ გეუბნებით, იმ ტიპის კითხვები იყო, მე რომ დამისვან, კენედი ხომ არ მოკალი შენო. ასეთი ტიპის კითხვები იყო: იგეგმება თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები