მსურს, გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ, ცილისწამებებით გაჯერებულ ე.წ. "შავი პიარის" კამპანიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ე.წ. "ბულინგს". თავდასხმები მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან: ამ კამპანიაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტებიც, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, მანუჩარ კაკოჩაშვილი წერს, რომლის სარჩელის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
კაკოჩაშვილი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომელთა დარღვევით წარმართვის გამო, მიიღო გადაწყვეტილება, კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა გაესაჩივრებინა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმა, წიქარიშვილი სწორედ "კლანური პრინციპით" და "შინაურულად" აირჩია და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს როგორც კვალიფიციური, ასევე მიუკერძოებელი.
"მსურს გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ, ცილისწამებებით გაჯერებულ ე.წ. "შავი პიარის" კამპანიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ე.წ. "ბულინგს".
თავდასხმები მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან: ამ კამპანიაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტებიც. კრიმინალადაც კი გამომაცხადეს მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ გავბედე და სასამართლოში გავასაჩივრე არასამთავრობო სექტორის მიერ "შინაურულად" და მართლაც "კლანური" პრინციპებით ჩატარებული ფორმალური კონკურსის შედეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმაც, საკუთარი 2024 წლის 15 ივლისის უკანონო განკარგულებით, დააკანონა.
"შინაურულად" და "კლანურად" ეს კონკურსი მოვიხსენიე, აი, რატომ:
1) საკონკურსო კომისია, რომელიც შედგებოდა 7 წევრისაგან, სრულად დაკომპლექტებული იყო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებმაც ფავორიტი კანდიდატები გამოავლინეს საკუთარი რიგებიდან, ისე რომ ფორმალურადაც არ დაიცვეს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მინიმალური სტანდარტიც კი. გიორგი ბურჯანაძეც და კახა წიქარიშვილიც წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდნენ და უშუალო შეხება და ახლო მეგობრული ურთიერთობა და რაც მთავარია ერთიანი ჯგუფური პლატფორმა გააჩნიათ საკონკურსო კომისიის სწორედ იმ წევრებთან, რომლებმაც მოახდინეს მათი ნომინირება და კონკურსის შედეგად ე.წ. "გამარჯვებულებად" წარდგენა პრეზიდენტისათვის.
2) სწორედ ამ სიახლოვით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ კომისიის 3-მა წევრმა: გურამ იმნაძემ, ნონა ქურდოვანიძემ და გიორგი დავითურმა განაცხადა თვითაცილება კანდიდატ გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით; თუმცა, ეს თვითაცილებაც, საბოლოო ჯამში, ფარსი და უშედეგო აღმოჩნდა, რამდენადაც მათ უკვე წინასწარ სუბიექტური განწყობებით ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მათი ფავორიტი კანდიდატ(ებ)ის მიმართ. ამდენად გიორგი ბურჯანაძესთან მიმართებით განხორციელებული ,,აცილება“ რეალურად არაფრისმომცემი იყო და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ინტერესთა კონფლიქტის თითქოსდა გამორიცხვის ჩვენების გზით, ვინაიდან, სავალდებულო კვორუმი გახლავთ 5 ხმა. ამდენად, აქაც კომისიამ პირადი ინტერესიდან გამომდინარე დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის მიერვე განსაზღვრული წესი და კანდიდატი 5 ხმის ნაცვლად წარადგინა 4 ხმით.
3) ასევე პრობლემური და იურიდიული ძალის არმქონე იყო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები კახა წიქარიშვილთან მიმართებითაც, კერძოდ:
მასთან გასაუბრების დაწყებისას, გაირკვა, რომ კომისიის წევრმა თამარ ლალიაშვილმა განაცხადა თვითაცილება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა, რადგან კომისიის ამ წევრსა და კანდიდატს შორის არსებობდა მრავალწლიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობა", - აღნიშნავს კაკოჩაშვილი .