22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
თამამი, ორიგინალური და უნიკალური - 128-წლიან ისტორიაში პირველად, პარიზი თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს

პარიზი ოლიმპიური თამაშების გახსნის ისტორიული ცერემონიისთვის მზად არის. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საფრანგეთის დედაქალაქია, სადაც პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე გაიმართება. ზღაპრული, უნიკალური და შთამბეჭდავი - ასეთ სანახაობას ჰპირდებიან მაყურებელს ოლიმპიადის ორგანიზატორები.

პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. სპორტსმენების მიერ გასავლელ მარშრუტს სნაიპერები აკონტროლებენ. დაკეტილია მიმდებარე მეტროსადგურები და რამდენიმე ხიდი. პარიზის თავზე მხოლოდ ცერემონიისთვის გათვალისწინებული თვითმფრინავები იფრენენ. დაკეტილია პარიზის მთავარი ქუჩები. ადგილობრივებმა ქალაქის უჩვეულოდ ცარიელი უბნები ლოკდაუნსაც კი შეადარეს. დედაქალაქს 15 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ქალაქის უსაფრთხოებას, 10 ათასობით ფრანგი პოლიციელის გვერდით, მსოფლიოს 43 ქვეყნიდან ჩამოსული სამართალდამცველი უზრუნველყოფს, მდინარე სენას 6 კილომეტრზე კი 40 000 დამცავი, სპეციალური ღობე-ბარიერია დამონტაჟებული. პრესა წერს, რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ რაოდენობის პოლიციელთა მობილიზება დედაქალაქში არ ახსოვთ. პარიზში რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. მიზეზი ჩქაროსნული რკინიგზის რამდენიმე ობიექტზე კოორდინირებული თავდასხმა გახდა. გაუქმებულია რეისების ნაწილი.

33-ე ოლიმპიური თამაშების 4-საათიან გახსნის ცერემონიას 300 000-ზე მეტი მაყურებელი ეყოლება. ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიო ლიდერებს, სპორტსმენებსა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს. შოუს 80-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. ოლიმპიელები მდინარე სენას, ნავებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთენ, გაივლიან პარიზის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და ლუვრს. ცერემონიას, ტროკადეროს მოედანზე, მუსიკალური შოუ და მხატვრული წარმოდგენა დაასრულებს.

უკვე მეორე დღეა, პარიზში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახელმწიფო ლიდერებს ემანუელ მაკრონმა, ელისეს სასახლეში, მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიებაზეა საქართველოს პრეზიდენტიც. პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა საზეიმო მიღებას ლუვრში, მანამდე კი, ირაკლი კობახიძემ, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამიტში – "სპორტი მდგრადი განვითარებისთვის".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონს, ბრინჯაოს პრიზიორი კი 250 ათას ლარს მიიღებს. პრემიერთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრიც. თეა წულუკიანი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა.

ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს. სპორტის 9 სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა: ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა. საქართველოს დელეგაცია 4 ოლიმპიური ჩემპიონით იასპარეზებს, რომელთა შორისაც არიან ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე. სწორედ ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ერგოთ, პარიზში, დელეგაციის მედროშეობის პატივი.

პარიზის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად, დღეს გაიხსნება და 11 აგვისტოს დასრულდება.

დღის ამბები