05 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
რატომ აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას - რას ცვლის ექსპრეზიდენტის წინასწარი პატიმრობა და რატომ ატყდა აჟიოტაჟი?

უკვე მეორე დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ და ვერ ხსნიან, თუ რატომ აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას.

რას ცვლის საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება? სამართლებრივად, ამ სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას მხოლოდ ამსუბუქებს. წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 9 თვეა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ მაქსიმუმ მომავალი წლის აპრილამდე უნდა დაასრულოს ამ საქმის არსებითი განხილვა და დადგეს განაჩენი.

თუ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ავტომატურად გაუქმდება წინასწარი პატიმრობის სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც, თუმცა ეს გარემოება სააკაშვილის გათავისუფლების წინაპირობა ვერ გახდება, რადგან ის სხვა საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზეც იხდის სასჯელს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც, ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, რადგან მისთვის შეფარდებული მუხლი მაქსიმალურ სასჯელად 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილს კი, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საზღვრის კვეთაზე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სააკაშვილისთვის დამატებით სასჯელის ვადის გახანგრძლივება ვერ მოხდება. ამავე პრინციპით, სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სანდრო გირგვლიანის საქმეზეც, სადაც 3-წლიანი პატიმრობა შთანთქა ვალერი გელაშვილის საქმეზე დადგენილმა 6-წლიანმა პატიმრობამ.

საზღვრის კვეთის საქმეს სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდა გავლენა - განსასჯელი მოკლებულია შეწყალების შესაძლებლობას, თუ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და არ არის გამოტანილი სასამართლოს საბოლოო განაჩენი.

მმართველი გუნდის არგუმენტებს არ იზიარებენ პატიმარი სააკაშვილის თანაგუნდელები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლიდერს უკანონო პატიმარს უწოდებენ და სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" უარგუმენტო პროტესტი საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპონენტების გეგმის გამოაშკარავებას ნიშნავს - გეგმის, რომლის მიხედვით მოქმედ პრეზიდენტს ყოფილი არჩევნების მეორე დღესვე უნდა შეეწყალებინა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პატიმარი სააკაშვილის თანაგუნდელების პოზიცია, რისკებთან დაკავშირებით, პროკურატურის ეჭვებსაც ამყარებს.

სამართლებრივად, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, გამოეცა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი უკვე დამდგარ განაჩენებზე, რის საფუძველზეც, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პენიტენციურ სისტემას დატოვებდა. არსებული მოცემულობით კი, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების მიუხედავად, სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში მაინც დარჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

დღის ამბები