13 სექტემბერი 2024,   04:43
ვრცლად
2 ძმის მკვლელობის საქმეზე, დამნაშავე 20 წლის შემდეგ დააკავეს - სვანეთის უბანში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულ​ი დღესაც ახსოვთ

დაკავება 20 წლიანი ძებნის შემდეგ - პოლიციამ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად, 2004 წელს, ორი ძმა თანხის გამოძალვის მიზნით ჯერ მოკლა, შემდეგ კი ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. აზერბაიჯანიდან საქართველოში მანქანის საყიდლად ჩამოსული ილხამ და რასიმ გასანოვები დამნაშავეებმა ფულის გამოძალვის მიზნით ნაქირავებ სახლში გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. გამტაცებლებმა ძმების ცხედრები იქვე ეზოში ჩააბეტონეს.

გარიკ კოსტანიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ბოლო წევრია, რომელიც 2004 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ის სამართალდამცველებმა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ძებნილს ვინაობა შეცვლილი ჰქონდა, საზღვარზე არსებული ტექნოლოგიებით, დამნაშავის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა.

"კურიერი" დღეს თბილისში გარიკ კოსტანიანის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ახლობლებმა კამერის წინ საუბარი არ ისურვეს. მეზობლები ამბობენ, რომ გარიკ კოსტანიანი წლებია არ უნახავთ, სახლში კი ახლა მხოლოდ მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს.

ძმები გასანოვების მკვლელობისთვის, წარსულში, დანაშაულის მთავარი ფიგურანტი გიორგი ყუფარაძე, იგივე "ბეტონა" და ყოფილი ძალოვანი, ვასილ გოშაძე გაასამართლეს. ამავე დაჯგუფებას ბრალი წარედგინა ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟის მკვლელობისთვისაც. მძიმე ბრალდებების მიუხედავად, დამნაშავეებს 2009 წელს სასჯელი მაშინდელი პრეზიდენტის შეწყალებით შეუმსუბუქდათ და ციხე 2013 წელს დატოვეს.

გათავისუფლებიდან ზუსტად ერთ წელში, გიორგი ყუფარაძემ თბილისის ზღვის დასახლებაში თანამზრახველებთან ერთად 12 000 დოლარის გამო დახოცა დედა-შვილი კვეზერელები. ქალის ცხედარი დამნაშავეებმა კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. ამ დანაშაულისთვის "ბეტონას" მეტსახელით ცნობილი სერიული მკვლელი 2016 წელს ათენიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ამჟამად მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები