04 ოქტომბერი 2024,   22:40
ვრცლად
ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მკვლელობას არ ნანობს და მოტივზე საუბრობს

სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს. სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობდნენ, ბრალდებულმა მოსამართლეს სულ რამდენიმე წინადადებით მიმართა და მკვლელობის მოტივზე საჯაროდ ისაუბრა.

თელავის რაიონულ სასამართლოში, აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე - ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებები გააცნო, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები. წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობას წინააღმდეგობა არ გამოუწვევია დაცვის მხარეში. ადვოკატს ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიებად გირაოს შეფარდებაც არ მოუთხოვია.

ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული სპონტანურად, აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, თუმცა საწინააღმდეგო ვერსია აქვთ ადგილობრივებს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ახმეტაში მშობლებთან მყოფი ცოლი ახაშენში სპეციალურად, მკვლელობის მიზნით დაიბარა. სახლში მისვლიდან ერთ საათში კი, ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ მეგობრებს მიაყენა.

სამი ადამიანის, მათ შორის, ცოლის - ფიქრია ტუგულაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები