"მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი მეორე მოსმენით მიიღო, ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ პროცესს ფარდა აეხადა. კანონი და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" განცხადებაშია საუბარი.
"თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია. "პირველი მერცხალი" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანო აღმოჩნდა, რომელმაც ევროკავშირის სახელით დაგმო კანონის მეორე მოსმენით მიღება, მას ნაჩქარევი უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა განმარტება არ მოგვისმენია, რომელ უფლებებს გამოუთხარა ძირი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვამ. ევროკავშირის სახელით სტანომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი, ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია. ფაქტობრივად იდენტური განცხადებები გააკეთა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. შეუიარაღებელი თვალით, მარტივად გარჩევადი იყო, რომ მისი ჩამოსვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანს ჩამოშლილი ოპოზიციის გამაგრება და ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. სიტყვათა შეთანხმება "დემოკრატიული უკუსვლა" შაჰინმა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონების ჭრილში ახსენა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა.
კანონი გამჭვირვალობის შესახებ მძიმე თავდასხმის ობიექტი გახდა კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯეიმს ო"ბრაიენის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც რეალურად აწესრიგებს შავი ფულის შემოდინებას NGO-ებში და რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა, თურმე ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს. ო"ბრაიენმა გამჭვირვალობის კანონის გამო, 26 ოქტომბრის არჩევნები ფაქტობრივად შეუმდგარ პროცესად გამოაცხადა, როდესაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: "ეს კანონი ცდილობს სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი."
ამ დეზინფორმაციული განცხადებების პარალელურად ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტმა ახალი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ყველა კრიტერიუმით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ამასთანავე ინსტიტუტი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ იხელმძღვანელოს შეფასების ობიექტური კრიტერიუმებით და დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის სწრაფად გაუხსნას ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებები.
შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ამ გარემოებათა ანალიზიც კი გვაჩვენებს, რეალურად რა პროცესები მიდის საქართველოსთან მიმართებით. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე აღარ მალავენ იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლაშია დადანაშაულებული და ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ეს არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, შავი ფულით მომუშავე აგენტურული NGO-ებისათვის გამჭვირვალობის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციების არდაწესება და უარის თქმა მეორე ფრონტის გახსნასა და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე. თუ აქამდე შედარებით რთული იყო გარჩევა, თუ რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით საქართველოს დაჩაგვრას და ადგილობრივი აგენტურისა და მათი პატრონების პროპაგანდა მეტნაკლებად მუშაობდა, თითქოს საქართველო არ ახორციელებს რეფორმებს და სწორედ ამიტომ ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურად არც ევროკავშირის ბიუროკრატიას და არც მის მმართველ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, არ აინტერესებს არანაირი რეფორმა.
სამწუხაროდ, მათთვის ასოცირების შეთანხმების სქელტანიანი დოკუმენტიც და 9 პუნქტიანი დათქმაც მაკულატურაა და მეტი არაფერი. ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ. პიტერ სტანოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა, რომ აგენტურით დაკომპლექტებული და გარედან მართული ევრობიუროკრატიისთვის ჩვენი ქვეყნის "დაფასება" ამ დამღუპველ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების ობიექტური ანალიზით იქნებოდა მიღებული, ცხადია უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე სწორედ საქართველოსთან უნდა გახსნილიყო მოლაპარაკებები. საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმით. უფრო მეტიც, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების, მათ შორის მედიის, ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციისგან თავისუფლების ინდექსებით საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებზე ბევრად წინაა და ეს კვლევები „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ქვეყნდება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი რეფორმებს არ ელოდება. მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდანაც ჩანს, რომ დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის.
საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის. ევროპულმა ბიუროკრატიამ, რომელიც სრულად კონტროლდება და კოორდინირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგრეთწოდებული „დიფ სთეითისგან“, სრულად დაუკარგა ფასი ევროკავშირს - გაერთიანებას, რომელიც ოდესღაც სწორედ იმიტომ იყო სასურველი და მისაბაძი, რომ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯანსაღ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული.
საბედნიეროდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღრმა კრიზისს ევროპელებიც აცნობიერებენ და ევროპული ბიუროკრატიის აგენტოკრატიისგან გათავისუფლება დაუსახავთ მიზნად. ჩვენი მხრივ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან. თუმცა იქამდე, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. გლობალური ომის პარტია, რომელიც საბედნიეროდ, ქართული მოსახლეობისთვის უკვე კარგად გაშიფრული და ნაცნობი მეტაფორაა და ქართველმა ხალხმა ამ მეტაფორაში კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები ამოიცნო, ყველაფრის ფასად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანოს. თუ გლობალურმა ომის პარტიამ ამ მიზანს მიაღწია, ჩვენ ქვეყანაში ბომბების წვიმა და ქვეყნის უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება, ხოლო თუკი ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა", - აღნიშნულია "ხალხის ძალის" განცხადებაში.