27 ნოემბერი 2026,   12:42
ვრცლად
პეტერ მადიარი ევროკავშირის საგანგებო სამიტზე: სრულიად უშედეგო სხდომა იყო, წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს

ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 12-საათიანი განხილვის შემდეგ, ლიდერებმა 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ხარჯების შემცირების მომხრე ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ და ავსტრიამ, მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. ბლოკი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო: საფრანგეთი და იტალია ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ, გერმანია და მისი მოკავშირეები კი - ხარჯების შემცირებასა და თანხების დაზოგვას.

ჩიხშია უკრაინისთვის 45 მილიარდ-ევროიანი სესხის საკითხიც - წინადადებას უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი ეწინააღმდეგებიან.

უნგრეთის პრემიერ- მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, სხდომა სრულიად უშედეგო იყო, წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს.

"ეს სრულიად უშედეგო სხდომა იყო. წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, ანტონიუ კოშტასგან შვიდწლიანი ბიუჯეტის ბოლო პროექტი მივიღეთ, მას სმს-ით მივწერე, რომ ჩემი აზრით, ამ შეხვედრას დიდი შედეგი არ მოჰყვებოდა, რადგან ახალ წინადადებებთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება იმდენად ღრმა იყო, რომ კომპრომისის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა.

მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდა. ღამის 01:15 საათზე საბჭოს პრეზიდენტმა შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნების წარმოდგენა სცადა, თუმცა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის იტალიამ, დანიამ და უნგრეთმა მას მოუწოდა თავი შეეკავებინა დასკვნების გამოტანისგან, რადგან დარბაზში მყოფი არცერთი დელეგაცია არ იზიარებდა მის შეფასებას", - განაცხადა პეტერ მადიარიმ.

დღის ამბები