16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება - ირაკლი კობახიძე

"ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ.

"ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ.

მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები