საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ამ სფეროს განვითარებისთვის, აუცილებელია ბიზნესის ინვესტიციების ჩადება; თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებით შედეგებს მოიტანს ამ კუთხით.
"განსაკუთრებით ფეხბურთის სფეროში, ინვესტიცია სარისკოც არის, რადგან ბურთი მრგვალია, ერთ თამაშზე არის დამოკიდებული. ერთ თამაშს მოიგებ, შეიძლება 10 მილიონი წამოიღო მოგება, წააგებ - შეიძლება ნულზე დარჩე. წინასწარ რთულია ბიზნესმენისთვის იმის გათვლა, რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის ეს ინვესტიცია. შესაბამისად, ერთგვარი თავშეკავება ჩანს ბიზნესში, რომ მსხვილი ინვესტიციები ჩაიდოს საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში. იცით, რომ სახელმწიფოს აქაც აქვს მხარდამჭერი პროგრამა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. როცა საუბარია "ჩემპიონთა ლიგის" მონაწილე გუნდებზე, საშუალოდ, მარტო სახელფასო ფონდი აქვთ 50 მილიონი ევრო წლიური, თითო კლუბს. იმისათვის, რომ პირობითად, 10 კლუბი მსგავს დონეზე განვითარდეს, თუნდაც "ევროპა ლიგის" დონეზე, საკმაოდ დიდი ინვესტიციებია საჭირო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სარისკოა ეს ინვესტიციები.
თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, ამაზეც ვიფიქრებთ, მაგრამ ბიზნესის მონაწილეობის გარეშე ეს ძალიან რთული იქნება. არის კლუბები, სადაც მენეჯმენტის პრობლემაც არის, არ მინდა ამ თემაში შევიდე, რადგან კერძო სექტორი და კერძო სფეროა. სახელმწიფოსთვის რთული იქნება აქ იმხელა პროგრესის უზრუნველყოფა, მხოლოდ მისი ძალისხმევით, რაც შეიძლება სანაკრებო დონეზე გაკეთდეს, მაგრამ თანდათანობით, იმედი მაქვს, ბიზნესიც უფრო მეტად დაინტერესდება ამ სფეროში ინვესტიციების ჩადებით. სხვანაირად, ფულის გარეშე, შეუძუნძულებია.
ერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. თან, ისეთი ვითარებაა, რომ ადრე თუ ეძებდნენ ბავშვებს კლუბში მისაღებად, ახლა იმხელა მოთხოვნაა, რომ უბრალოდ ვერ აუდიან, არამარტო დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, ყველა მუნიციპალიტეტში. ყველა ამას გვეუბნება, რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ, მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვის მიღება შეძლოს, ეს თავის შედეგს გამოიღებს. დაახლოებით, 10 წელიწადში, შეიძლება სრულიად სხვა დონეზე ავიდეთ, თუ ბავშვთა ფეხბურთი სერიოზულად განვითარდება.
ასევე, რაც შეიძლება, იყოს პრიორიტეტული და რაც შეიძლება, მთავრობამ გააკეთოს და ამაზე ვმსჯელობთ), ეს არის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა. ამან შეიძლება ძალიან წაწიოს წინ ბავშვთა ფეხბურთი. რა თქმა უნდა, ეს უცხოელები, პირველ რიგში, ქართველ მწვრთნელებს გადაამზადებენ და დარჩება ძალიან დიდი რესურსი ქვეყანაში. ბავშვები გაიზრდებიან, მწვრთნელების რესურსი გაძლიერდება - ეს არის ის, რაც შეიძლება ყველაზე კარგად გაკეთდეს იმისათვის, რომ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, უზრუნველვყოთ საკლუბო ფეხბურთის კარგად განვითარება, მაგრამ ბიზნესის მხარდაჭერა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2