14 ოქტომბერი 2024,   18:09
ვრცლად
"15 ათასი დოლარი გადავეცი, რის შემდეგაც კონტაქტზე აღარ გამოდიოდნენ..." - საქართველოს ათობით მოტყუებული მოქალაქე, როგორი იყო თაღლითური სქემა საზღვარგარეთ წასვლის მსურველების გასაძარცვად

ქალი, რომელსაც თაღლითებმა მთელი ცხოვრების დანაზოგი წაართვეს, კურიერი P.S.-ს უყვება, როგორ გაება დანაშაულებრივი დაჯგუფების მახეში. კანადაში წასვლის სანაცვლოდ, ბელა ჩიხაშვილს 22 000 დოლარი მოტყუებით გამოსძალეს. მილანი, პარიზი, ჰაიტი და ბარსელონა - თაღლითებმა ქალი ამ მარშრუტით უმისამართოდ ატარეს და საბოლოოდ, კანადის ნაცვლად, ისევ საქართველოში დააბრუნეს. ახლა დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მაღაზიის კონსულტანტად მუშაობს და ცდილობს, ცხოვრება ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს.

კიდევ ერთი ქალის, მზია ბუთხუზის ამერიკული ოცნებაც მხოლოდ ოცნებად დარჩა. ხელში ცარიელი საბანკო ანგარიშები, ყალბი დოკუმენტები და დიდი ვალები შერჩა. თაღლითები მას ჯერ ამერიკის ვიზას დაჰპირდნენ, შემდეგ კი, შტატებში არალეგალურად შესვლის მიზნით მექსიკაში გაუშვეს. იქ ახალგაზრდა ქალი აეროპორტშივე დააკავეს და უკან, საქართველოში გამოამგზავრეს. კიდევ ერთ დაზარალებულს პასპორტში ყალბი ვიზა ჩაუკრეს და, ნიუ-იორკში გაფრენის მიზნით, პორტუგალიაში გადაამისამართეს. ის ლისაბონის აეროპორტში გაყალბებული დოკუმენტებით დააპატიმრეს. ოჯახები, ამ დრომდე, უშედეგოდ ცდილობენ ზიანის ანაზღაურებას.

კარგად ორგანიზებული თაღლითური სქემით, დაჯგუფებამ ქვეყნის მასშტაბით, ათობით ოჯახი დააზარალა. მითვისებული თანხების ოდენობა თითოეულ შემთხვევაში 10 ათასიდან 25 ათას დოლარამდე მერყეობს. თანხების გამოძალვის შემდეგ, დამნაშავეები მსხვერპლთან კომუნიკაციას წყვეტდნენ და აღარც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობდნენ.

ამონარიდები დაზარალებულები მონათხრობიდან:

"მითხრეს, ყველა საბუთებს გაგიკეთებთ და ორ კვირაში კანადაში იქნებიო. 15 ათასი დოლარი გადავეცი, რის შემდეგაც კონტაქტზე აღარ გამოდიოდნენ..."

"პასპორტში ყალბი ვიზა ჩამიკრეს, მე ეს არ ვიცოდი, რის გამოც ლისაბონის აეროპორტში პოლიციამ დამაკავა და, დეპორტით, საქართველოში დამაბრუნეს."

"მომატყუეს, გერმანიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდება, საბუთებს გადმოგცემს და ნიუ-იორკში გაფრინდებიო... იქ არავინ დამხვედრია, 25 ათასი დოლარი კი დღემდე არ დაუბრუნებიათ."

"20 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის ვიზა უნდა გაეკეთებინათ და რეალურად, მექსიკაში გამიშვეს, იქ მებაჟეებმა არ შემიშვეს და უკან დამაბრუნეს."

თაღლითური სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი ზურაბ ჩარკვიანია. მას ახლა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ასამართლებენ. მრავალტომიანი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა ჩარკვიანს პირადად გადასცეს ათობით ათასი დოლარი.

დაჯგუფების ხელმძღვანელი ნინო ჯარიაშვილი საპატიმროში უკვე იხდის 6-წლიან სასჯელს. ის ყოფილი პოლიციელია, რომელიც, ჯერ კიდევ 2011 წელს, პატიმრების ოჯახებისთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვისთვის გაასამართლეს. პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ, ჯარიაშვილმა თაღლითობის ახალი სქემა შეიმუშავა - ამჯერად, პატიმრების ნაცვლად, სამიზნეში ის მოქალაქეები ამოიღო, ვისაც, დასაქმების მიზნით, უცხოეთში გამგზავრება ჰქონდა გადაწყვეტილი.

მრავალტომიანი საქმის მასალებში ჩარკვიანთან ერთად, ნინო ჯარიაშვილის თანამზრახველად არის მოხსენიებული ქეთი ხავთასიც. ის მართლმსაჯულებას ამ დრომდე ემალება, რის გამოც პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. "კურიერი P.S." თბილისში, ქეთი ხავთასის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. გვითხრეს, რომ მრავალათასიანი თაღლითობის მთავარი ფიგურანტი ქვეყანაში, დიდი ხანია, აღარ იმყოფება. ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიების დაწყებამდე მის სახელზე არსებული ყველა ქონება ნდობით აღჭურვილ პირებზე გადააფორმა.

გამოძიების მასალებში დაზარალებულთა გრძელი სია დევს. მათმა ნაწილმა ვალების გამო, საცხოვრებელი სახლებიც კი გაყიდა. არავინ იცის, როგორ და რა გზით აანაზღაურებენ ზიანს ორგანიზებულ თაღლითობაში ბრალდებულები. 

 

 

დღის ამბები