03 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
დღეს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. გამოძიება 15 პირს თაღლითობასა და გამოძალვას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ. მათივე ცნობით, კლუბის მენეჯერებს და მიმტანებს შემუშავებული ჰქონდათ სქემა, მათ განაწილებული ჰქონდათ როლები და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს პროდუქტზე არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ. ზოგჯერ თანხა ათჯერ მეტი იყო იმ პროდუქციის ფასზე, რაც მათ შეკვეთილი ჰქონდათ.

უარის შემთხვევაში დაკავებულები ტურისტებს ემუქრებოდნენ. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების რამდენიმე ფაქტიც.

დაცვის მხარის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ის შუამდგომლობას დააყენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, ყველაზე მძიმე აღკვეთ ღონისძიებად, პატიმრობა არ იყოს გამოყენებული.

"ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გამოყენება, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამას სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა გვექნება შუამდგომლობა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების, ან სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების უფლებით", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ადვოკატის, მარიამ ბარსონიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპისთვის მასალების სრულად შესწავლა მიმდინარეობს ჩემი მხრიდან. ჩვენი პოზიციაა ის, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით არ იქნება ყველაზე მკაცრი ღონისძიება გამოყენებული. ყველანაირი შეღავათი, მათ შორის, ის რომ ნასამართლეობა არასდროს არ ჰქონია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სასამართლოს მიერ", - განაცხადა მარიამ ბარსონიძემ.

 

დღის ამბები