03 ოქტომბერი 2024,   19:08
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია - ბოლო ცნობები ისრაელიდან

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, ისრაელზე ირანის მასშტაბური თავდასხმის გამო, ახლა მსოფლიო ელის როგორი იქნება თელ-ავივის პასუხი.

"ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის." - თეირანი უკვე გაფრთხილებულია, გაფრთხილებულია ბეირუთიც.

სამხრეთ ლიბანში "ცახალის" სახმელეთო ოპერაციას, გამთენიისას ავიადარტყმა მოჰყვა. ეს 2006 წლის 34-დღიანი ომის შემდეგ, ისრაელის არმიის პირველი სახმელეთო ოპერაცია ლიბანში.

ისრაელ -"ჰამასის" ომის ფონზე, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა თეირანში "ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში -ჰეზბოლას მეთაური ჰასან ნასრალა მოკლეს.

ახლა ისრაელში, ებრაული კალენდრით, ახალ წელს აღნიშნავენ, შესაბამისად გუშინ და დღეს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სიმშვიდე იყო. ქუჩაში მხოლოდ სამართალდამცველები გადაადგილდებიან, რომლებიც სრულად აკონტროლებენ ქუჩებსა და სკვერებს. ტერორისტები ისრაელს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში.

გუშინ, დაახლოებით ღამის ორ საათზე, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰუსიტებმა" ქალაქ ბათ-იამსზე მიიტანეს საჰაერო იერიში. გამოშვებული იქნა სამი უპილოტო საფრენი აპარატი, საიდანაც ორი რკინის გუმბათმა ჰაერში გაანადგურა, ხოლო ერთი ზღვაში ჩამოვარდა. დაძაბული ვითარება რჩება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ღაზას სექტორთან და ჩრდილო ნაწილში, ლიბანის საზღვართან.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, რამდენიმე დღის წინ, დაიწყეს სამხედრო სახმელეთო ოპერაცია ლიბანის ტერიტორიაზე, ჰეზბოლას წინააღმდეგ. ისრაელში ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდა მოსახლეობა, რადგან ვერ ხვდებოდნენ ამის აუცილებლობას, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ლიბანის ტერიტორიაზე შესვლის შედეგად, აღმოაჩინეს არაერთი გვირაბი, რომლითაც ჰეზბოლა აპირებდა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე კვლავ განეხორციელებინა ტერორისტული აქტები.

ამჟამად, მიმდინარეობს ამ გვირაბების განადგურება. ისრაელის ჯარი ახლა ლიბანში გამაგრებულ ტერორისტულ დაჯგუფებას უტევს. მიმდინარეობს ლიბანში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, 25-ზე მეტი სარაკეტო იერიში განახორციელა ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციას წარმატებით ასრულებენ ლიბანის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ირანს, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე თავდასხმა განახორციელა და 150-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა, მთელს ქვეყანაში ისმოდა საჰაერო სიგნალის ხმა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ამბავს აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგი. ოფიციალური იერუსალიმი, სავარაუდოდ, დღესასწაულის დასრულების შემდეგ აპირებს ირანზე საპასუხო დარტყმებს. ომის კაბინეტი ყოველდღიურ ფორმატში იკრიბება და მიმდინარეობს განხილვა რა სახის დარტყმებს მიაყენებს ისრაელი ირანს.

სამხედრო ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ისრაელმა აღარ უნდა გადადოს პასუხის ირანის წინააღმდეგ, თუმცა მათი ნაწილი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში ომს თარიღები უყვარს, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ 7 ოქტომბერს, ომიდან ერთი წლის თავზე, ისრაელმა განახორციელოს საჰაერო დარტყმები ირანზე.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები