21 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
როინ შავაძის მკვლელობის საქმე - მოწმემ ის წუთები აღწერა, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ შავაძეს ფიზიკურად უსწორდებოდნენ

როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის საქმეზე, სასამართლოში განხილვები გრძელდება. კუდ-ის ყოფილი სპეცრაზმელები, ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე ბრალს არ აღიარებენ. დაუმტკიცდებათ თუ არა მათ სერჟანტი შავაძის მიმართ ჩადენილი დანაშაული ეს, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა, როდესაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. გადაწყვეტილებამდე, საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებებს იკვლევენ, იკითხებიან მოწმეები.

გულნარა ჯინჭარაძე ერთ-ერთია, ვინც სერჟანტ შავაძეს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად ესაუბრა. ისინი ერთმანეთს ბათუმის ცენტრში, ე.წ. ოქროს ბირჟაზე შეხვდნენ.

გამსახურდიას ქუჩაზე, გულნარა ჯინჭარაძეს როინ შავაძე უკვე ნაცემი და უგონო მდგომარეობაში დახვდა. გულნარა ჯინჭარაძის თქმით, სპეცოპერაციაში მონაწილე პირები იქ მყოფ მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ როინ შავაძეს სამშობლოს ღალატისთვის აკავებდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის საქმეზე, სასამართლოში კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. ახალგაზრდა მამაკაცმა ის წუთები აღწერა, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ როინ შავაძეს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შემდეგ კი, გონებადაკარგული სერჟანტი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს.

ვინ უსწორდებოდა ფიზიკურად როინ შავაძეს, მოწმემ ვერ დაასახელა. თვითმხილველმა ვერც დარბაზში მყოფი ბრალდებულები ამოიცნო. თქვა, რომ ყველა, ვინც შავაძის დაკავებაში და მის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, შავი ნიღბით იყო.

მოწმეების ჩვენებებს ასლან ინაიშვილის და გელა გვიანიძის ადვოკატები მნიშვნელოვან მტკიცებულებად არ მიიჩნევენ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებებით, ისინი ბრალდებულების უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდებიან.

მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხები, პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში უკვე დევს. ბრალდების მხარე, სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში დარწმუნებულია. საქმის პროკურორი "კურიერთან" განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, ასლან ინაიშვილის და გელა გვიანიძის ბრალეულობის დამამტკიცებელი, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმის ერთ -ერთ კაფეში აიყვანეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავების საბაბი შავაძის, თითქოსდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა გახდა. ჩატარებული სპეცოპერაციისთვის კანონიერი სახის მისაცემად, აჭარის კუდ-ის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ბრძანებით, დაკავების და ჩხრეკის ოქმები გააყალბეს. თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტი ნარკოდანაშაულში დაადანაშაულეს.

ჩატარებული ექსპერტიზებით გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს რამდენიმე საათის შემდეგ შეატყობინეს .

როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 13 პირია მიცემული.

დღის ამბები