17 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სპორტის სამინისტრომ 51 ეროვნულ ფედერაციას სპორტული ეკიპირება გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 51 ეროვნულ სპორტულ ფედერაციას სპორტული ეკიპირების 3 902 კომპლექტი გადასცა. ღონისძიება სოფელ დიღომში მდებარე რეაბილიტირებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართა და მას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორი გერონტი ცინდელიანი, ფედერაციების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

სპორტული წარმატებების ხელშეწყობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ეროვნული ნაკრებების ღირსეულად მონაწილეობის მიზნით, სამინისტრო თავის მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს თანხას, რომლითაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის შეიძენენ სპორტული ეკიპირებას. იმის გამო, რომ სპორტული ფედერაციების მიერ შეძენილი ეკიპირება სხვადასხვა მწარმოებლისა და ხარისხისაა, ასევე, არ არის დაცული ეროვნული სიმბოლიკის გამოყენების წესი, გადაწყდა ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.

ამ მიზნით, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტმა 2023 წელს სამინისტროს მიერ აღიარებულ 51 ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციასთან 60-ამდე შეხვედრა გამართა. გამოცდილების გაზიარების მიზნით პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.

სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების საჭიროებებიდან გამომდინარე, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს "სპორტმშენსერვისს," რომელმაც სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში შეისყიდა 4 639 478 ლარი ღირებულების სხვადასხვა სახის სპორტული ეკიპირება.

ფედერაციებისთვის გადაცემული სპორტული ეკიპირება "პუმას" ფირმისაა. ეს არის: შარვლები, სპორტულ საწვიმრები, გრძელსახელოებიანი მაისურები, სავარჯიშო მოკლესახელოებიანი მაისურები, სავარჯიშო შორტები, სპორტული მოსაცმელები, შორტები, გამოსასვლელი მოკლესახელოებიანი მაისურები, სპორტული შარვლები, მოკლესახელოებიანი მაისურები, ქუდები, კეპები, წინდები, ბოტასები, სანდლები, სამგზავრო დიდი ჩანთები და ზურგჩანთები.

ქართული სპორტის დიდი ისტორიისა და წარსული მიღწევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნების გვერდით ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილნი და ერთიანი სპორტული ეკიპირება ხელს უწყობს სწორედ ეროვნული ნაკრებების სათანადოდ წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ პროექტის მასშტაბი უპრეცედენტოა, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ქართველი სპორტსმენების წარმატებას.

დღის ამბები