20 ოქტომბერი 2024,   16:41
ვრცლად
ინდოეთში მდინარე ტოქსიკური თეთრი ქაფით დაიფარა - ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ინდოეთში, მდინარე იამუნა, რომელიც ნიუ-დელიში გაედინება, ტოქსიკური თეთრი ქაფით დაიფარა, რაც მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას hindustantimes-ი ავრცელებს.

ეკოლოგების განმარტებით, კაუსტიკური ქაფი დიდი რაოდენობით ამიაკსა და ფოსფატებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია, რადგან შესაძლოა, სასუნთქი გზებისა და კანის დაავადებები გამოიწვიოს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას აკონტროლებენ და ქაფის გასანეიტრალებელი ღონისძიებები დაწყებული აქვთ.

ამავდროულად, დელიში ჰაერის ხარისხის გაუარესება შეინიშნება. არსებული პრობლემის ფონზე, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გარკვეულ დაბინძურებულ ადგილებში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება დისკომფორტი ან სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ქიმიური დაბინძურების ზონაში 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ინდური დღესასწაული ჩათხ პუჯა უნდა ჩატარდეს, რომლის ერთ-ერთი ტრადიცია მდინარეში ბანაობას გულისხმობს.

ტოქსიკური ქაფის წარმოქმნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები