საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანშია. გაიმართა შეხვედრა მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
აზერბაიჯანში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რომელმაც აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა.
"ჩვენი დელეგაციის დღევანდელი ვიზიტი მილი მეჯლისში გაიმართა. ჩვენ შევხვდით რამდენიმე საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელს. გვქონდა საუბარი ზოგადად პარლამენტთა შორის ურთიერთობებზე, იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელსაც ორივე მხრივ პარლამენტი ახორციელებს და რაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთსაც გავუზიაროთ. რა თქმა უნდა, იყო საუბარი იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან აქვს საქართველოს, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარების დაგმობით გამოხატა ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფომ. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას, როგორც რეგიონის ძლიერი აქტორების, რომელიც აძლიერებს დაკავშირებადობას. ეს არის შუა კორიდორის ფუნქცია, რომლის შესრულებას საქართველო-აზერბაიჯანი ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში ახორციელებს." - აცხადებს ნინო წილოსანი.