22 ოქტომბერი 2024,   01:05
ვრცლად
P Diddy-ს წინააღმდეგ 6 ახალი სარჩელი შევიდა - CNN-ის ცნობით, სარჩელებში, სავარაუდოდ, სხვა ცნობილი პირებიც ფიგურირებენ

P Diddy-ს წინააღმდეგ სასამართლოში 6 ახალი სარჩელი შევიდა - როგორც CNN წერს, მათ შორის არის ასევე ერთ-ერთი პირისგან, რომლის მტკიცებითაც, შონ კომბსმა მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა და მასზე იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტში, პირი არასრულწლოვანი იყო.

P Diddy-ს წინააღმდეგ სარჩელების შეტანის პერიოდიდან პირველად, შეტანილ სარჩელებში დასახელებულები არიან სხვა ცნობილი პირებიც, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება.

ექვს სავარაუდო მსხვერპლთაგან, სამი მამაკაცი, სამი კი ქალია. ერთის გარდა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ P Diddy-მ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარა.

ხუთივე სარჩელი, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში იქნა შეტანილი, შეიცავს გაუპატიურების, სექსუალური თავდასხმის, თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებებს, რომლის ჩადენის პერიოდი 2000-დან 2022 წლამდეა მითითებული, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და ლას-ვეგასში. ყველა სავარაუდო დანაშაულები, P Diddy-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის წვეულებებზე მოხდა.

ექვსთაგან ერთ-ერთი ქალი, ამბობს, რომ 2000 წელს ის 13 წლის იყო, როდესაც ლიმუზინის მძღოლმა მას MTV Video Music Awards-ის წვეულებაზე დასწრება შესთავაზა, რომელიც შონ კომბსის დაორგანიზებული იყო. წვეულებაზე მიღებული სასმელის შემდეგ, ქალის მტკიცებით, მან ძლიერი ძილიანობა იგრძნო და ეძებდა ადგილს, სადაც წამოწოლის შესაძლებლობა ექნებოდა. სარჩელიდან ირკვევა, რომ შონ კომბსი ერთ-ერთ თანმხლებ ცნობილ მამაკაცთან შევიდა საძინებელში, სადაც 13 წლის გოგონა ისვენებდა.

"შენ მზად ხარ წვეულებისთვის," - უთხრა P Diddy-იმ მსხვერპლს, რომელიც მაშინ 13 წლის იყო.

სარჩელში წერია, რომ ცნობილმა მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ის გააუპატიურა, ხოლო P Diddy და ერთ-ერთი ცნობილი ქალი მათ აკვირდებოდნენ. შემდგომ, გოგონაზე P Diddy-იმ იძალადა, ცნობილი პირები კი (ქალი და მამაკაცი) დანაშაულის ჩადენის მომსწრეები გახდნენ.

Sean

შონ კომბსის უფლებადამცველებმა CNN-თან განაცხადეს, რომ მისტერ კომბსი და მისი იურიდიული გუნდი დარწმუნებულნი არიან სასამართლო პროცესების სამართლიანობაში.

"სასამართლოში სიმართლე გაიმარჯვებს: მისტერ კომბსს სექსუალური ხასიათის ძალადობა არ განუხორციელებია არც ზრდასრულებზე და არც არასრულწლოვნებზე, არც ქალებზე და არც მამაკაცებზე," - აღნიშნავენ ისინი.

CNN-ის ცნობით, ფედერალური პროკურორები P Diddy-ს ბიზნეს იმპერიის გამოყენებით "დანაშაულებრივი დაჯგუფების" შექმნაში ადანაშაულებენ, რომელიც დაკავებული იყო ქალებზე ძალადობით ათწლეულების განმავლობაში, ტრეფიკინგით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით და ა.შ. წარდგენილ ბრალდებებში P Diddy თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შონ კომბსი ნიუ-იორკის საპატიმროში სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება, რომელიც 2025 წლის 5 მაისს არის ჩანიშნული.

რამდენიმე დღის წინ, მუსიკოსის და პროდიუსერის იურისტების ჯგუფმა მოსამართლეს მიმართეს თხოვნით, პოტენციურ თვითმხილველებსა და მათ ადვოკატებს, კომბსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე საჯაროდ საუბარი აეკრძალათ.

"სასამართლომ უნდა გამოიყენოს უფლება და გასცეს ბრძანება, რომელიც დაავალდებულებს  პოტენციურ თვითმხილველებსა და მათ ადვოკატებს, საქმის მიმდინარეობის პერიოდში თავი შეიკავონ საქმესთან არსებული საჯარო განცხადებებისგან. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს გამოძიების პროცესის სამართლიანად წარმართვას," - განაცხადეს ადვოკატებმა.

 

ნახეთ ასევე: რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

მორიგი სკანდალური ბრალდება P Diddy-ის წინააღმდეგ, მუსიკოსს ბრალი ედება ქალის გაუპატიურებაში, რომელმაც მას 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა - BBC ახალი საქმის დეტალებზე

 

დღის ამბები