01 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"შეიძლება, რეზონანსული საკითხია და არსებობს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, თუმცა სამართლებრივი, პროცესუალური და მტკიცებულებითი თვალსაზრისით, ეს გაყალბება არ არის" - მარნეულში დაკავებულების ადვოკატი

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - ორი ბრალდებულიდან ერთი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მათ სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს - ამის ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა. ფაქტის გამო, უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.

გამოძიება მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბების მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოდან არის ყველაფერი აგებული. მესმის, გარკვეულწილად, შეიძლება, რეზონანსული საკითხია და არსებობს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, თუმცა სამართლებრივი, პროცესუალური და მტკიცებულებითი თვალსაზრისით, ეს გაყალბება არ არის. შესაძლებელია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე ვისაუბროთ რაღაც ფორმით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თვითონ დანაშაულის შემადგენლობა არ იკვეთება",  - აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი.

საქმის პროკურორი, თორნიკე კაპანაძე ამბობს, რომ ბრალდებულების მიმართ ყველა მტკიცებულება შეკრებილია, რომელიც მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს ქმნიდა.

"ბრალდებულების მიმართ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შეკრებილია ყველა მტკიცებულება, რომელიც ქმნიდა მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს და შესაბამისად, კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, უშუალოდ მტკიცებულებების ჩაშლასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ფართოდ ვერ მოგახსენებთ", - აცხადებს პროკურორი. 

დღის ამბები