27 დეკემბერი 2024,   02:06
ვრცლად
საარჩევნო პროცესში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრებიდან, სააპელაციო სასამართლომ დღეს არცერთი დააკმაყოფილა

შეკრება სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციამ და აქტივისტებმა 11:00 საათზე დაიწყეს. ხელისუფლების ოპონენტებმა ლოკაცია, როგორც ამბობენ, გამიზნულად შეარჩიეს - სწორედ სააპელაციო სასამართლო განიხილავს არასამთავრობო სექტორის საარჩევნო საჩივრებს. დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნებიც კიდევ ერთხელ გააჟღერა.

აქციიდან ოპოზიციის ნაწილმა სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე გადაინაცვლა და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საარჩევნო სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით მათ არაერთი მტკიცებულება აქვთ, რომელსაც შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლოსაც წარუდგენენ.

სააპელაციო მთელი დღეა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნების", საიასა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საჩივრებს განიხილავს. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნების დღეს ფარულობის პრინციპი დაირღვა, ეს კი სახელისუფლებო პარტიის თქმით, არასერიოზული ბრალდებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათმა ოპონენტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევების რეალური მტკიცებულებები ვერ ნახეს და ახლა სასამართლოში არარეალური არგუმენტებით იბრძვიან.

სწორედ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი განჩინება, ცესკომ მეორე ინსტანციაში ჯერ კიდევ გუშინ გაასაჩივრა, დღეს კი სააპელაციოში სხდომაზე, ცესკოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსამართლეს მისი მეუღლის პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, საქმის განხილვაზე უარი უნდა ეთქვა. სასამართლოში, ამავე საქმის ფარგლებში განიხილება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საჩივრები ხმების ფარულობის დარღვევაზე. ამის პასუხად, ცესკომ დღეს სასამართლოში ექსპერიმენტის ჩატარებაც მოითხოვა.

ამ სხდომას წინ, კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრის განხილვა უძღოდა. "სამართლიანი არჩევნები" კრწანისისა და ჩუღურეთის საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლას, ცესკო კი გორის რაიონული სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელი დააკმაყოფილა.

საარჩევნო საჩივრების განხილვა თბილისსა და რეგიონებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღის ამბები